რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

24 წუთში ავუხსნი, რატომ ვერ დაამყარებს მშვიდობას – ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა

ვოლოდიმირ ზელენსკი/დონალდ ტრამპი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია და თქვა, რომ მისთვის იმის ასახსნელად, რატომ ვერ შეძლებს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, 24 წუთი დასჭირდება.

"ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ დაახლოებით 24 საათში ის შეძლებს ამის მართვას და ომის დასრულებას. მე რა შემიძლია ვთქვა? ისიც ძალიან სასურველი სტუმარია. პრეზიდენტი ბაიდენი იყო აქ და ვფიქრობ, მან გაიგო რაღაც დეტალები, რაც მხოლოდ აქ ყოფნით შეგიძლია გაიგო. ასე რომ, მე ვიწვევ პრეზიდენტ ტრამპს". - თქვა ზელენსკიმ NBC news-ის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას და დასძინა, რომ ტრამპს მშვიდობის დამყარება არ შეუძლია.

"თუ ის აქ ჩამოსვლას შეძლებს, 24 წუთი დამჭირდება - დიახ, 24 წუთი. მეტი არა. დიახ. მეტი არა - 24 წუთი პრეზიდენტი ტრამპისთვის ასახსნელად, რომ მას ამ ომის მართვა არ შეუძლია. ის ვერ შეძლებს მშვიდობის დამყარებას პუტინის გამო". - თქვა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას მხარში დაუდგება.

სექტემბერში NBC-ის იმავე გადაცემაში საუბრისას ტრამპმა პირობა დადო, რომ 2024 წელს მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს 24 საათში დაასრულებს.

"მე გარკვეულ რაღაცებს ვეტყოდი პუტინს. მე გარკვეულ რაღაცებს ვეტყოდი ზელენსკის". - თქვა მაშინ ტრამპმა და დასძინა, რომ ის "ყველასათვის სამართლიან" გამოსავალს იპოვის.

კომენტარები