უკრაინა-ევროკავშირი

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.

ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის მატარებლის სადგურიდან ფოტო გამოქვეყნა, რომელსაც წარწერის სახით მიუთითა: "მოხარული ვარ, რომ ომის დროს კიევში მე-6 ვიზიტის ფარგლებში დავბრუნდი". 

"მე აქ ვარ, რათა განვიხილო უკრაინის გზა ევროკავშირის წევრობისკენ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის, როგორც თანამედროვე, წარმატებული დემოკრატიის აღდგენისთვის". - წერს ლაიენი X-ზე. 

გარდა ამისა, უკრაინის რადას წევრმა იაროსლავ ჟელეზნიაკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა: "დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ველოდებით მის გამოსვლას პარლამენტში".

აქამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ ლაიენი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის ანგარიშის გამოქვეყნებამდე კიევში ჩავიდოდა. 

აქამდე, მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, მასში კი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინის პროგრესის შეფასებაც იქნება წარმოდგენილი. 

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი, თუ რამდენად მიუახლოვდნენ ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ სხვა კრიტერიუმებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, შეფასების გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც მოსალოდნელი იქნება გადაწყვეტილების მიღება - დაიწყება თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებები.

კომენტარები