კანდიდატის სტატუსი

Reuters: ევროკომისია ანგარიშს 8 ნოემბერს გაასაჯაროებს, საქართველოზე გადაწყვეტილება მიღებული არაა

Shame Movement / Facebook

Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.

ამასთან, როგორც სააგენტო წერს, ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინის პროგრესის შეფასებაც იქნება წარმოდგენილი. 

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი, თუ რამდენად მიუახლოვდნენ ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ სხვა კრიტერიუმებს.

Reuters-ი ასევე წერს, რომ შეფასების გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც მოსალოდნელი იქნება გადაწყვეტილების მიღება - დაიწყება თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებები.

ვენეციის კომისიის 9 ოქტომბრის შეფასების მიხედვით, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული უკრაინის სამართლებრივი აქტები გაუმჯობესებულია, თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, ევროკომისიამ განახლებულ ანგარიშშიც მსგავსი შეფასება შეიტანოს.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინის მსგავსი რეკომენდაციები მოლდოვამაც მიიღოს.


აქამდე, TV პირველის ცნობით, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ.

"ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს. 

საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება". - TV პირველის ცნობით, აღნიშნა იოზვიაკმა.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები