ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი იორდანიაში კატარის პრემიერმინისტრს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კატარის პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი. იორდანია, 4 ნოემბერი, 2023 წელი
Jonathan Ernst/Pool/AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში კატარის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანის ხვდება.

კატარს ჰამასსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებების პროცესში შუამავლის როლი აქვს. მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ მისი მედიაციითა და აშშ-ს კოორდინაციით ეგვიპტეს, ისრაელსა და ჰამასს შორის, ღაზის სექტორიდან მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ევაკუაციის შესახებ შეთანხმება შედგა.

აქამდე, იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიის დედაქალაქ ამანში, ბლინკენი კატარის გარდა, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და პალესტინის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

იორდანიის განცხადებითვე, შეხვედრაზე განიხილება ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი და არსებული სიტუაციის გაუარესების შეჩერება, რადგან ისრაელ-ჰამასის ომი "მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს". 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 3 ნოემბერს თელ-ავივში ჩავიდა. ის კირიას სამხედრო შტაბ-ბინაში ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს პირისპირ შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელში შეხვედრების დროს ბლინკენის მთავარი მიზანი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზაზე ისრაელელი ლიდერების დათანხმება იყო. 

რაც შეეხება ისრაელის პასუხს, ნეთანიაჰუმ ბლინკენს შეხვედრისას უთხრა, რომ მძევლების გათავისუფლების გარეშე ჰამასის წინააღმდეგ ცეცხლის დროებით შეწყვეტას არ დათანხმდება.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები