რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1976 წელს დაბადებული გ.ჩ წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი.
შსს-ს მითითებით, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იპოვეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.