კახა კალაძე

კალაძე: გარკვეულ ჯგუფებს უნდათ ხელისუფლების დამხობა - არავის არაფერი გამოუვა

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია საქართველოში შემოსულ დივერსიულ ჯგუფებთან დაკავშირებით. კალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "დამნაშავეა კონკრეტულ საქმეებზე" და "საინტერესო ნამდვილად არ არის".  

"რაც შეეხება ზოგადად დესტაბილიზაციას ქვეყანაში, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განმარტებები, განცხადებები, რომ არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ადამიანთა ჯგუფები, ვისაც აქვთ სურვილი და მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი არ გამოუვა" - თქვა კახა კალაძემ.

სასამართლო სხდომაზე დივერსიულ ჯგუფებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სააკაშვილის ინფორმაციით, მას სუს-იდან დაუკავშირდნენ და გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ჩვენებაზე უარი თქვა - "დღევანდელი “ეფ-ეს-ბეს” ფილიალთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს ვამბობ".

ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და გადატრიალებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ საქმეზე, რომელსაც სუს-ი აწარმოებს, გასული თვის სექტემბერში გახდა ცნობილი. 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”. სხვა ჯგუფებთან ერთად სუს-მა მთავარ ორგანიზატორად დაასახელა ორგანიზაცია CANVAS, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არაძალადობრივი საპროტესტო სტრატეგიების შემუშავებაში უტარებს ტრენინგებს.

კომენტარები