მოლდოვა

მაია სანდუ რუსეთს მოლდოვაში ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსეთს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს. სანდუს თქმით, მოსკოვი ასევე აფინანსებს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს.

სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთმა ორ თვეში დაახლოებით $5 მილიონი დახარჯა "კრიმინალური ჯგუფების" დაფინანსებაში, მათ შორის არის პრორუსი ბიზნესმენის, ილან შორის პარტია, რომელსაც პოლიტიკური აქტივობა ეკრძალება. 

"რუსეთმა წარსულში მოისყიდა ადამიანები, რომლებიც მოლდოვას მართავდნენ. მას ამის საშუალება აღარ აქვს. ახლა, მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვაზე გადავიდა. კრემლი სხვადასხვა კატეგორიის ხალხს იყენებს. არიან ადამიანები, რომლებიც კრემლისთვის მუშაობენ და მოსკოვში დადიან ფულის ასაგროვებლად". – თქვა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტი მოუწოდებს ძალოვან უწყებებს მოქმედებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ.

31 ოქტომბერს, მოლდოვამ რუსული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა. გადაწყვეეტილების მიზეზად დასახელდა რუსეთის მცდელობა, მედიის საშუალებით გავლენა მოახდინოს ნოემბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე.

მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ სიაში მოხვდა რუსული მედიები, როგორიცაა: TASS, Interfax, Komsomolskaya Pravda, Lenta.ru და ა.შ.

ამავდროულად, 30 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით, მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა ექვს სატელევიზიო სადგურს, რომლებსაც ბრალად არჩევნებზე გავლენის მოხდენა ედებათ. 

კომენტარები