ისრაელის საწინააღმდეგო აქცია

ალი ალიევი მარნეულის აქციაზე: ღმერთი ძალას აძლევს ჰამასის ხალხს იბრძოლონ

ისრაელის საწინააღმდეგო აქცია მარნეულში
Aktual.ge

31 ოქტომბერს მარნეულში ისრაელის საწინააღმდეგო და ანტიდასავლური აქცია გაიმართა. აქციაზე რადიო მარნეულის მიხედვით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, ალი ალიევმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიმართ სიმპათია და მხარდაჭერა გამოხატა.

რადიო მარნეულის ცნობით, ალი ალიევმა აქციაზე გამოსვლისას შეკრებილებს მიმართა, რომ ჰამასს ღმერთი აძლევს ძალას ბრძოლისთვის და ამერიკის შეერთებული შტატები ნომერ პირველ ტერორისტულ ქვეყნად გამოაცხადა.

"უკვე მესამე კვირაა ყველა ვხედავთ სიონისტი ისრაელის რეჟიმის მიერ ღაზაში ჩადენილ დანაშაულს. ეს სამი კვირის ამბავი არ არის. ისრაელი სულ ჩადიოდა დანაშაულებრივ ქმედებებს ღაზას ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა ის მარტო აღარაა. ამაში მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტული ქვეყანა აშშ, ევროპის ქვეყნები, ნატო, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი ერთად არამხოლოდ პალესტინაში, ღაზაში, არამედ წლებია ერაყში, არაბეთში, სირიაში, იემენში, ლიბიაში ჩადიან ამ დანაშაულებს. ჩვენ მუსლიმებმა ყველამ უნდა ვიცოდეთ, რატომ აკეთებენ ისინი ამას. ისინი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ტერორისტები არიან. სხვა ქვეყნებში რამე რომ მოხდეს, ეგრევე აზრს გამოთქვამენ, დღეს მსოფლიოს დისციპლინა იცვლება. სისტემა იცვლება. ღმერთი ძალას აძლევს ჰამასის ხალხს რომ იბრძოლონ და ასე გააგრძელონ. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ - 2 მეჩეთი ნებისმიერი მუსლიმისთვის მნიშვნელოვანია. გუდსი როცა იქნება თავისუფალი, მაშინ მოევლინება მე-12 იმამი დედამიწაზე და აღსდგება ჭეშმარიტება. მუსლიმებმა რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ, ზოგი სიტყვით, ზოგი წერით, როგორც შეგვიძლია.

მიკვირს, დღევანდელი აქციის სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირება, აბსურდია. ეს არის ჩვენი შინაგანი წუხილი და იმიტომ ვართ აქ შეკრებილნი რომ სათქმელი ვთქვათ. ამერიკა, ისრაელის რეჟიმი უბრალოდ ვერ აღიარებს დამარცხებას. ესენი პატარა ქვეყნებს აჩვენებდნენ თავიანთ ძალას და მათი ძალების უკვე აღარავის სჯერა. მსოფლიომ გაიგო, რომ ესენი უძლურები, მშიშრები არიან. რამდენიმე დღის წინ, ბაიდენი, მაპატიეთ და ის ბებერი მოხუცი, იმპერიალიზმის მეთაური, მსოფლიოში მუსლიმების სიკვდილში მისი ხელია ჩადებული, ასევე ევროპული ქვეყნების, ნატოს წევრების ხელიც ურევია ამაში. ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ, დამარცხდებით კიდევაც. ისლამის ძალები სულ იმარჯვებდა თქვენზე და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქ მონაწილეობისთვის. ორგანიზატორებსაც ვუხდი მადლობას". - განაცხადა ალი ალიევმა.

კომენტარები