მოლდოვა

მოლდოვამ წინასაარჩევნოდ რუსული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა

მოლდოვამ რუსული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა. გადაწყვეეტილების მიზეზად დასახელდა რუსეთის მცდელობა, მედიის საშუალებით გავლენა მოახდინოს ნოემბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე.

მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ სიაში მოხვდა რუსული მედიები, როგორიცაა: TASS, Interfax, Komsomolskaya Pravda, Lenta.ru და ა.შ.

ამავდროულად, 30 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით, მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა ექვს სატელევიზიო სადგურს, რომლებსაც ბრალად არჩევნებზე გავლენის მოხდენა ედებათ.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყების მიერ ამ გადაწყვეტილების მიზანია "დაიცვას სახელმწიფო და დემოკრატია რუსეთის ფედერაციის მცდელობებისგან, ჩაერიოს საარჩევნო პროცესში".

დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, ალეხანდრუ მუსტეატას თქმით, ბოლო თვეების მანძილზე რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიების არალეგალური დაფინანსებით, ამომრჩეველთა მოსყიდვით, კორუმპირებული კანდიდატებით და კონკრეტული ტელევიზიების, საიტებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით კარგად გათვლილი დეზონფორმაციული კამპანიებით.

კომენტარები