მეთიუ პერი

Friends-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის, მოულოდნელი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის ცხედარი მისსავე სახლში, ლოს ანჯელესში, აბაზანაში 28 ოქტომბერს, დღის 4 საათზე იპოვეს.

წყარო, რომელიც გამოცემა Los Angeles Times ესაუბრა, იუწყება, რომ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა, შემთხვევის ადგილზე არ აღმოუჩენიათ არავითარი ნარკოტიკული საშუალება. იგივე წყარო ასევე ადასტურებს, რომ გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა არავითარი ძალადობის კვალი.

სხვა არაოფიციალური წყაროები ცნობით, მეთიუ პერი სახლში პიკელბოლის ორსაათიანი ვარჯიშიდან დილის საათებში დაბრუნდა და პირადი ასისტენტი დავალებაზე გაგზავნა. დაახლოებით ორ საათში უკან დაბრუნებულ ასისტენტს მეთიუ უგონო მდგომარეობაში დახვდა, რის გამოც 911-ზე დარეკა.

ასევე, უცნობია, რას აკეთებდა პერი გარდაცვალებამდე და შესაძლებელია თუ არა, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს მსახიობის სიკვდილთან. არაოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ჯაკუზიში დახრჩობა ან  გულის შეტევა შეიძლება იყოს. ჯერჯერობით, არანაირი ოფიციალური განცხადება, ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

Friends-ს ვარსკვლავის გარდაცვალების საქმეს ლოს ანჯელესის პოლიციის ყაჩაღობა-მკვლელობის დეპარტამენტის დეტექტივები იძიებენ. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს მოგვიანებით ლოს ანჯელესის სასამართლო ექსპერტი დაადგენს.

მსახიობის სიკვდილს გამოეხმაურა სერიალ Friends-ის შემქმნელთა ჯგუფი Warner Brothers-იც, რომელიც ამბობს, რომ შეძრულნი არიან ამ სამწუხარო ამბით.

“მეთიუ წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობი იყო და Warner Bros. სატელევიზიო ჯგუფის ოჯახის განუყოფელი წევრი. მისი  კომედიური გენიოსობის გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობოდა და მისი მემკვიდრეობა მრავალი ადამიანის გულში იცოცხლებს. ეს გულდასაწყვეტი დღეა და ჩვენ სიყვარულს ვუგზავნით მის ოჯახს, მის ახლობლებს და ყველა მის ერთგულ გულშემატკივარს”. - ნათქვამია სერიალ Friends-ის შემქმნელთა განცხადებაში.

კომენტარები