საქართველო-რუსეთი

სარჯველაძე პუტინთან ბანკეტზე: იქ პრივატულად კი არ შეხვედრია ვინმე ვინმეს

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე გამოახმაურა ტაბულას მიერ 27 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

სარჯველაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ბანკეტზე და გადამოწმებას არც აპირებს. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ღონისძიებას "არაერთი მეგობრული სახელმწიფოს ლიდერი" ესწრებოდა და პირადად არავინ არავის შეხვედრია.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია თვითონ საკითხზე საზოგადოების ამგვარად ინფორმირება, რაზეც გვაქვს ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, ზუსტ ინფორმაციას, ვინ იმყოფებოდა და ვინ არ იმყოფებოდა არ ვფლობ და არც ვაპირებ გადამოწმებას, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ეს ფორუმი, სადაც ეს შეხვედრა შედგა, სავარაუდოდ, რაზეც საუბრობენ ოპონენტები, იმ ღონისძიებას ესწრებოდა არაერთი ჩვენი მეგობრული სახელმწიფოს ლიდერი და ძალიან მაღალი თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, სადღაც რომ შეიძლება, ერთსა და იმავე ღონისძიებაზე აღმოჩნდეს ვინმე ვინმესთან ერთად, ეს არ ნიშნავს იმას... იქ პრივატულად კი არ შეხვედრია ვინმე ვინმეს. ამიტომ ასეთი სიტუაციების აგორება ხელოვნურად, რაღაც პრობლემების და სკანდალების გაჩენა, არ არის მორალურად გამართლებული". – თქვა სარჯველაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

როგორც ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

კომენტარები