ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Roblox-ში მოთამაშეები პროპალესტინურ აქციებს მართავენ, ისრაელელ მოთამაშეებს თავს ესხმიან

Roblox-ში გამართული პროპალესტინური დემონსტრაციის ერთ-ერთი მომენტი
Roblox / Screenshot by TechCrunch

Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მსოფლიოს გარშემო გამართული პროპალესტინური დემონსტრაციების ფონზე, ცნობილი კომპიუტერული თამაშის Roblox-ის მომხმარებლები თამაშში პროპალესტინურ "მიტინგებს" აწყობენ და ისრაელელ მოთამაშეებს თავს ესხმიან.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი მომხმარებლები როგორც წესი, საუდის არაბეთისა და პალესტინის დროშებს აფრიალებენ.

ასევე, "დემონსტრაციის" მსვლელობისას მოთამაშეები პალესტინის დროშებს და სოლიდარობის გამომხატველ სხვა სიმბოლოებს იყენებენ.

Roblox-ს 65 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს ყოველდღიურად და მათი დაახლოებით 45% 12 წელზე უმცროს ბავშვებისგან შედგება. თამაშში მომხმარებლები ვირტუალურ რეალობაში ურთიერთობენ ერთმანეთთან.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო მშობლებს ონლაინ გასაჩივრებისკენ მოუწოდებს, თუ მათი შვილი Roblox-ში რაიმე სახის პროპალესტინურ შევიწროებას განიცდის.

Times of Israel-ის ცნობით, ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ისრაელელი მშობლების Facebook ჯგუფში გავრცელდა. მშობელმა თქვა, რომ მისი შვილი Roblox-ში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შესაძლო გათამაშების მომსწრე გახდა.

"ღრმად ვწუხვართ საზარელი ტრაგედიით, რომელიც ისრაელსა და ღაზაში მიმდინარეობს და თანავუგრძნობთ ყველას, ვინც რეგიონში დაზარალებულია, ან ოჯახის წევრები, მეგობრები და ძვირფასი ადამიანები ჰყავს რეგიონში. მართალია, ჩვენი მოხმარების წესების ფარგლებში ნებადართულია სოლიდარობის გამოხატვა, ვკრძალავთ ისეთ შინაარსს, რომელიც მხარს უჭერს ან უშვებს ძალადობას, ხელს უწყობს ტერორიზმს ან სიძულვილს ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ ან მოუწოდებს სპეციფიკური პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ. ავტომატიზებულ შემჩნევის ინსტრუმენტებთან ერთად გვყავს ათასობით ექსპერტი მოდერატორის ჯგუფი, რომლებიც ჩვენს პლატფორმას მეთვალყურეობენ და მყისიერად იმოქმედებენ ნებისმიერი კონტენტის ან ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოვა". – ეწერა Roblox-ის მიერ USA Today-სთვის მიწოდებულ განცხადებაში.

Roblox-ის მომხმარებლებს წარსულშიც შეუქმნიათ ანტისემიტური კონტენტი. მაგალითად, 2022 წელს კომპანიამ წაშალა ვირტუალური ნაცისტური გაზის კამერა, რომელსაც მოთამაშეები იყენებდნენ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები