ე.წ. ქურდული სამყარო

სამშენებლოს მეწილეს სცემეს და დაემუქრნენ, "ქურდული სამყაროს" წევრები დავაკავეთ – შსს

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი - უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულებს ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრობა, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წარმოიშვა ფინანსური დავა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, კრიმინალურ ავტორიტეტს, 1985 წელს დაბადებულ გ.ა.-ს მიმართა.

დავის გადასაწყვეტად, ქალაქ ბათუმში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, სადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს განუცხადა, რომ დავაში ჩართული იყო "კანონიერი ქურდი" და საკითხი "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო. კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 75 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

"ქურდული სამყაროს“ წევრი და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირები დაზარალებულს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისთვის დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები