ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის მტკიცებით, არ იციან სად არის ყველა მძევალი და ღაზაში მათ მოსაძებნად დრო სჭირდებათ

ჰამასის წევრები ღაზის სექტორში, 2023 წლის 7 ოქტომბერს.
AFP

მოსკოვში ჰამასის დელეგაციის წარმომადგენლის, აბუ ჰამიდის მტკიცებით, ჰამასს მძევლების გათავისუფლება ომის პირველივე დღეებიდან უნდა, თუმცა ბევრი მძევლის ადგილსამყოფელი არ იციან, რადგან 7 ოქტომბერს მათთან ერთად სხვა ჯგუფები, მათ შორის, ისლამური ჯიჰადი და უბრალო პალესტინელებიც მოქმედებდნენ. ამის შესახებ ჰამიდმა რუსული გამოცემა Коммерсантъ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"1948 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასობით მოქალაქე და ათობით მებრძოლი შევიდა და ისრაელის ღაზის დივიზიის დაცემის შემდეგ ათობით ადამიანი აიყვანეს ტყვედ, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა და ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ისინი ღაზის სექტორში ვიპოვოთ და შემდეგ გავათავისუფლოთ". - თქვა ჰამიდმა.

მოსკოვში ჰამასის დელეგაციის წარმომადგენლის მტკიცებით, მძევლების საპოვნელად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. მისივე თქმით, "ისრაელის დაბომბვას ამ დრომდე 50 ტყვე შეეწირა".

ჰამიდმა Коммерсантъ-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ჰამასმა "რუს მეგობრებს 7 ოქტომბრის თავდასხმის მიზეზების საერთო სურათი" წარუდგინა.

"რუსეთის ფედერაცია არის პალესტინელი ხალხის მეგობარი ქვეყანა და ინარჩუნებს ურთიერთობას პალესტინელი ხალხის ყველა წარმომადგენელთან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მასთან კონსულტაციებისთვის სხვადასხვა საკითხებზე". - აღნიშნა მან.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დელეგაცია გუშინ 26 ოქტომბერს ჩავიდა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები