უკრაინა-ევროკავშირი

ზელენსკი: უკრაინამ EU-ს შვიდივე რეკომენდაცია შეასრულა, დაიწყეთ მოლაპარაკება გაწევრიანებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს წლის ბოლოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკავშირის შვიდივე რეკომენდაცია". მისი თქმით, 2023 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, ბევრი თვალსაზრისით ევროკავშირის მომავალს განსაზღვრავს.

"ან მთელი ევროპა გაიმარჯვებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ხოლო მომავალში – საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინის პროგრესის შეფასებაც იქნება წარმოდგენილი. 

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი, თუ რამდენად მიუახლოვდნენ ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ სხვა კრიტერიუმებს.

Reuters-ი ასევე წერს, რომ შეფასების გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც მოსალოდნელი იქნება გადაწყვეტილების მიღება - დაიწყება თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებები.

კომენტარები