ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: ჰამასი თავდასხმას 2 წელი სატელეფონო ხაზით გეგმავდა, რათა ისრაელს არ მოესმინა

ჰამასის წევრები პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასის შეხვედრების ოთახში, ღაზაში მისი რეზიდენციის ხელში ჩაგდების შემდეგ. 2007 წლის 15 ივნისი.
Suhaib Salem / Reuters

CNN-ი აშშ-ს დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის მცირე ჯგუფი ისრაელზე მოულოდნელ თავდასხმას 2 წლის განმავლობაში გეგმავდნენ ისე, რომ კომუნიკაცია ღაზის სექტორის გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ხაზებით ჰქონდათ. ამის შესახებ CNN-თან ამერიკული დაზვერვის ორმა წარმომადგენელმა ანონიმურად ისაუბრა.

როგორც მედია წერს, სატელეფონო ხაზები ჰამასის წევრებს კომუნიკაციის საიდუმლოდ დამყარების საშუალებას აძლევდა, ისე, რომ მათთვის ისრაელის დაზვერვას არ მოესმინა. ამის შესახებ CNN-თან ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

წყაროებმა CNN-თან თქვეს, რომ 2 წლის განმავლობაში, დაჯგუფების მცირე უჯრედი გეგმას საიდუმლოდ ინახავდა, მანამ, სანამ მოქმედება არ დაიწყეს და ჰამასის ასეულობით მებრძოლს 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის არ მოუხმეს. ამავე ინფორმაციით, ჰამასელები ერიდებოდნენ კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების გამოყენებას, რათა ისრაელისა და აშშ-ს დაზვერვას ისინი არ დაეფიქსირებინა.

როგორც CNN-ი წერს, დაზვერვის მასალები, რომლებიც ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა, აჩვენებს, როგორ გეგმავდა ჰამასი ძველებური მეთოდებით 7 ოქტომბრის თავდასხმას. ისინი თავს არიდებდნენ ციფრულ კავშირს და შეხვედრებსაც ფიზიკურად მართავდნენ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

კომენტარები