თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი: თსსუ-მ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი რუსულ კომპანიას გადაუხადა

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა რუსულ კომპანიას 587 054 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გაუფორმა.

ორგანიზაციის ცნობით, თსსუ-მ 2022 წლის 28 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. მასში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ელვა-ს ფილიალი თბილისში. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თსსუ-ს მეორე და მესამე სასწავლო კორპუსებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 410 722 ლარი. სამ დღეში თსსუ-მ კიდევ ერთი, 176 332-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა - შენობის მშენებლობისა და საკანალიზაციო სამუშაოებისთვის, რომელშიც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. 

თავისუფლების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ შპს ელვას ფილიალი თბილისში რუსული კომპანიის ფილიალია. კომპანიას გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებშიც აქვს მითითებული ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარებული სამუშაოები.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს შპს ელვა რუსეთის ფედერაციაში, ქ. ორენბურგში, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა" - წერს თავისუფლების ინსტიტუტი და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ელვა შავ სიაში 2022 წლის 15 ნოემბერს შეიყვანა.

"შავ სიაში შეყვანის საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა. აღნიშნული კომპანია ჯამში სამი ტენდერის გამოა შავ სიაში. 

თსსუმ ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას, რომელსაც ტექნიკურ დოკუმენტაციაში გამოცდილების დასადასტურებლად მხოლოდ რუსეთში წარმოებული სამუშაოები აქვს წარმოდგენილი. შედეგიც მალევე მიიღო - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ცუდად შესრულების გამო თსსუ-სთან დადებული ბოლო, 176 332 ლარის ღირებულების ხელშეკრულებისთვის კომპანია შავ სიაში კიდევ ერთხელ გახდა შესაყვანი უკვე 2023 წელს" - წერს თავისუფლების ინსტიტუტი და ამატებს, რომ კომპანიას ჯამში რვა ტენდერი აქვს მოგებული.

"ერთი გამარტივებული შესყიდვაა, ხუთ ტენდერში კი კონკურენტი არ ჰყოლია. მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 1 742 671 ლარს შეადგენს. კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ოთხი დირექტორი გამოიცვალა და ერთ-ერთი თენგიზ მაჭავარიანია, რომელიც ორმაგი (საქართველოს და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობს. ამავე პირზეა გაფორმებული რუსეთში რეგისტრირებული შპს ელვა. 

თავისუფლების ინსტიტუტის პოზიციით, კომპანია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადებულ კონკურსში, უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიზე მოქმედი კომპანია და პროდუქცია, რომელსაც კომპანია გამოიყენებს, უნდა იყოს მომზადებული/დამზადებული ამავე წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. ეს აგვაცილებს რუსული წარმოშობის კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო სახსრების გადინებას რუსული აგრესიის დაფინანსებაში და საეჭვო კომპანიებთან თანამშრომლობის მზარდ რისკებს" - წერს ორგანიზაცია.

კომენტარები