ალსუ კურმაშევა

რუსეთის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს პატიმრობა 5 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა

ყაზანის სოვეცკის რაიონის სასამართლომ რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას ადვოკატების მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა და ჟურნალისტს პატიმრობა 5 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

კურმაშევას ადვოკატის, ედგარ მატევოსიანმა Reuters-თან აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრია და დაცვის მხარე მას გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა რადიო თავისუფლება ევროპის პრეზიდენტი, ჯეფრი გედმინი.

"ძალიან იმედგაცრუებული ვართ დღევანდელი მოსმენის შედეგით. მოვითხოვთ ალსუს დაუყონებლივ გათავისუფლებას, რათა მან შეძლოს თავის ოჯახთან დაბრუნება". – ამბობს გედმინი.

კურმაშევას ბრალად ე.წ. უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა ედება. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

კურმაშევა 18 ოქტომბერს ყაზანში დააკავეს, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

კურმაშევას აქვს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა, იგი ამჟამად ჩეხეთში ცხოვრობს. როგორც რადიო თავისუფლება წერს, ის რუსეთში ოჯახური მიზეზების გამო მაისის შუა რიცხვებში ჩავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა კი ყაზანის აეროპორტში დააკავეს და ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. ამის შემდეგ კი, ყაზანის სასამართლომ დააჯარიმა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის კურმაშევას მეორე მოქალაქეობის შესახებ არ უცნობებია.  

რადიო თავისუფლება ასევე აღნიშნავს, რომ ალსუ კურმაშევა მრავალი წელია აშუქებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს რუსეთის ვოლგა-ურალის რეგიონში. მან გააშუქა თათრული ენისა და კულტურის დაცვისა და შენარჩუნების საკითხები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მზარდი ზეწოლის ფონზე.

2022 წლის ბოლოდან რუსეთში, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "უცხოურ აგენტებს" აეკრძალათ სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, კონტრაქტის საფუძველზე ჯარში მსახური და საარჩევნო კომისიების წევრობა.

ამჟამად რუსეთის რეესტრში რამდენიმე ასეული ე.წ. აგენტია შეყვანილი, მათ შორის, ფიზიკური პირები, მედიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.

ამასთან, 2017 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფალი ევროპის თათარ-ბაშკირული სამსახურის პროექტები - "Idel.Realii" და Azatlyk Radios - "უცხოურ აგენტებად" გამოაცხადა.

კომენტარები