აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ირანი გააგრძელებს ჰამასის მხარდაჭერას ღაზაში და ისრაელის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქმედებებში. ამის შესახებ ბლინკენმა NBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-ს ესმის, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების გაურესების შესაძლებლობა არსებობს.
"არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა – ესკალაცია ირანის მარიონეტული ძალების მიერ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ. ეს არ არის რაც ჩვენ გვსურს, ჩვენ არ გვსურს ესკალაცია. არ გვინდა მეორე ან მესამე ფრონტი. არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები ან ჩვენი მებრძოლები ცეცლხლის ქვეშ მოხვდნენ, თუმცა, თუ ეს მოხდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ". - თქვა ბლინკენმა.
16 ოქტომბერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლმა, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ არსებობს ღაზის სექტორის კონფლიქტის ესკალაციის, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნისა და ირანის ჩართულობის რისკი.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.





