ევროპული საქართველო

ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ხედვა

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ხედვა წარადგინა. პარტიაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ევროპული საქართველოს ხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • "ტყვეთა გაცვლა" - ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას ეს ბერკეტი მიზანმიმართულად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკარგვინა. პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ყველა პირი - შკლირნიკოვი, მაისაია, გევორქიანი, აბდულაევი და სხვები. ივანიშვილის რეჟიმს 2012 წლიდან დღემდე არცერთი რუსეთის ჯაშუში არ გამოუვლენია და არ დაუკავებია
     
  • რუსეთის, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა - საქართველოს ხელისუფლების მიერ ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის, საერთაშორისო ტრიბუნისა და მსოფლიო მედიის პერმანენტული გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი პირების საკითხის პერმანენტულად დაყენება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
  • საქართველოს მოქალაქე სინდისის პატიმრების გათავისუფლებამდე, მარიონეტული რეჟიმის მოხელეებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სერვისების სრული შეზღუდვა.
  • ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი: დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთო წლიური მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგიის 5%-იანი დეფიციტის თურქეთიდან იმპორტით შევსება საქართველოს დაახლოებით 40 მილიონი დოლარი დაუჯდება, რაც ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას შესაძლებელს ხდის.

პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, 3 წლის განმავლობაში საქართველოს
ხელისუფლებას ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ნონიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელების დევნის საკითხი, ასევე, ქრისტინე თაკალანძის გათავისუფლების საკითხი და ზოგადად, გალში აპარტეიდული რეჟიმის გამკაცრება - ქართული სკოლების დახურვა.

„ამ საკითხების ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მხოლოდ ფორმალურად დაყენება სრულიად არაადეკვატური ნაბიჯია". - თქვა ნონიაშვილმა.

ნონიაშვილის თქმით, ეს ნაბიჯები იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ამოცანა მიღწეული იქნება, მაგრამ მისივე განცხადებით, დღევანდელი რეჟიმის უმოქმედობა ნამდვილად არის ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუარესების გარანტია.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ირაკლი ბებუა სინდისის პატიმარია.

„ერთია კონკრეტული ადამიანის ფუნდამენტური ინტერესი, ამ შემთხვევაში ბებუასი, რომელმაც პრინციპული პროტესტი გამოაცხადა და გენოციდის ზეიმისას დროშა დაწვა - ფორმალურადაც კი მას არანაირ ძალადობრივ დანაშაულში ბრალი არედება. კლასიკური გაგებით, ის სინდისის პატიმარია. ამიტომ ცალკე ეს შემთხვევაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მომავალში რომ არ მოხდეს მსგავსი შემთხვევები, მნიშვნელოვანია, გყავდეს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც  ოკუპანტისა და მტრის ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს ფასს უჯენს. ამ რეჟიმის პირობებში კი ისინი არანაირ ფასს არ იხდიან". - თქვა ბოკერიამ.

ბოკერია ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ პუტინიზმის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნების ფაქტორია.

"გზავნილი, რომ ვითომ ისინი რუსეთთან ლაგდებიან, საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად მათთვის მნიშვნელოვანია, სინამდვილეში კი ეს დალაგება
ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას კონკრეტული ადამიანების ბედით - მაგალითად, ირაკლი ბებუა, გიგა ოთხოზორია და სხვა.


არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მიერ ე.წ სიმბოლიკის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით".

2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგამოძიებო სამსახურების მტკიცებით, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  ირაკლი ბებუას 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

კომენტარები