Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ინფორმაციის სამინისტრო დაიხურება, ხოლო მისი ბიუჯეტი ღაზის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ამ მიზნით შესაბამისი უწყება შეიქმნება, რომელსაც სამინისტროს გამოუყენებელი ბიუჯეტი, 9.4 მილიონი შეკელი (2023 წლისთვის) და 14.4 მილიონი შეკელი (2024 წლისთვის) გადაეცემა.
ამასთან, უწყებაში ინფორმაციის სამინისტროს 29 თანამშრომელი გადავა სამუშაოდ.
აქამდე, 12 ოქტომბერს ისრაელის ინფორმაციის მინისტრი, გალიტ დისტელ-ატბარიანი გადადგა. როგორც ის თავად განმარტავს, ინფორმაციის სამინისტროს ძალაუფლება საკმაოდ შეეზღუდა და გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენების გზას ვეღარ ხედავდა.
"იძულებული ვარ, გულწრფელად ვაღიარო, რომ მისი მოქმედების გაგრძელების ყოველი ახალი დღე სახელმწიფო სახსრების ფლანგვა იქნებოდა". – თქვა ატბარიანმა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.





