დონალდ ტრამპი

ტრამპი სასამართლოს თანამშრომლის შეურაცხმყოფელი პოსტის გამო $5 000-ით დააჯარიმეს

20 ოქტომბერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 5 000 დოლარით დააჯარიმეს.

ნიუ-იორკის მოსამართლე არტურ ენგორონის გადაწყვეტილებით, აშშ-ს ექსპრეზიდენტმა დაარღვია ვალდებულება, რომელიც სასამართლოს თანამშრომლების შესახებ შეურაცხმყოფელ საუბარს მის წინააღმდეგ თაღლითობის თაობაზე გამართული სასამართლო პროცესის დროს უკრძალავდა.

Reuters-ის ცნობით, ეს პროცესი დაკავშირებულია ტრამპის მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან, რომელიც მისი აქტივების ღირებულებაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.

მოსამართლემ ექსპრეზიდენტს ჯარიმა დააკისრა, რადგან სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომლის მისამართით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებსაიტზე არ წაუშლიათ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ იგი დამამცირებლად ცნო და მისი წაშლის განკარგულება გასცა. ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, საიტზე პოსტის დატოვება უნებლიეთ მოხდა.

ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს  2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება 2023 წლის 14 აგვისტოს წარუდგინეს. ბრალდებულებს შორისაა ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი.

ფულტონის ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა ტრამპისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებზე გამოძიება 2021 წლის თებერვალში დაიწყო. 14 აგვისტოს საბრალდებო დასკვნის მიღების შემდეგ, მან გამოაცხადა, რომ ბრალდებულებს აძლევდა შესაძლებლობას ნებაყოფლობით ჩაბარებულიყვნენ არაუგვიანეს 25 აგვისტოს შუადღისა.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები "შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ", რომელიც ოფიციალურად ჯო ბაიდენმა მოიგო.

24 აგვისტოს ტრამპი სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი საპატიმრო ნომერია P01135809.

ფულტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, სკოტ მაკაფის თქმით, დონალდ ტრამპისა და მისი თანაბრალდებულების წინააღმდეგ ჯორჯიის არჩევნების გაყალბების საქმეზე დაგეგმილი სასამართლო პროცესი ტელევიზიით გაშუქდება.

კომენტარები