ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეგვიპტე და იორდანია

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი სირიის საზღვრის მახლობლად, 2023 წლის 7 ოქტომბერი. 
Michael Giladi/Flash90

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეგვიპტისა და იორდანიის ტერიტორია, რადგან ისინი შესაძლოა ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დროს "გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გახდნენ".

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერმინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში, მათ შორის სინაის ნახევარკუნძულზე და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

ამასთან, მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ქვეყანაში არასასურველ მოგზაურობას.

შესაბამისი უწყებების გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა იმატებს, ხოლო პროტესტანტები ისრაელისა და ებრაული სიმბოლოების მიმართ მტრობასა და ძალადობას ავლენენ. 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამატებით რეკომენდებულია ახლო აღმოსავლეთის/არაბული ქვეყნების ყველა ქვეყანაში დარჩენისგან თავის შეკავება, მათ შორის, თურქეთში, ეგვიპტეში (სინაის ჩათვლით), იორდანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში.

ამასთან ისრაელი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ მოგზაურობას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: მალაიზია, ბანგლადეში, ინდონეზია და მალდივები.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები