ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: როგორც ჩანს, საავადმყოფოზე იერიში სხვა მხარემ მიიტანა, ისრაელმა არა

ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა თელ-ავივში, 18 ოქტომბერი, 2023
AP/Evan Vucci

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის ისრაელისადმი მხარდაჭერა და თქვა, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს, ღაზის ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის გამოწვეული, და არა - ისრაელის. 

"ძალიან დამამწუხრა და გამაბრაზა ღაზაში საავადმყოფოს გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც ვიხილე, როგორც ჩანს, ეს სხვა მხარემ გააკეთა, თქვენ არა" - თქვა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას.

ბაიდენმა ასევე დაამატა, რომ "მრავალი ადამიანი არ არის ამაში დარწმუნებული, ამიტომ ჩვენ ბევრ დაბრკოლებასთან მოგვიწევს გამკლავება".

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებული გაუმართავი რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა.

ჰამასმა თავდაპირველად მომხდარში ბრალი ისრაელის თავდაცვის ძალებს დასდო, თუმცა IDF-ის გამოიძიების შედეგად ისრაელის მხარემ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები