პრეზიდენტის იმპიჩმენტი

გარეთ დადექით – იმპიჩმენტის პროცედურისას პრეზიდენტს ოპოზიციის დარბაზში ყოფნა არ სურს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პარლამენტში იმპიჩმენტზე წარდგინების განხილვას და კენჭისყრას დაესწრება. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ურჩია, დარბაზში შევლენ.

"პარლამენტშიც მივალ და სხვათაშორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად.

მე მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი" - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან ხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში განიხილავენ. ბიუროს სხდომაზე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დადგენილების პროექტი 17 ოქტომბერს გავა ბიუროს სხდომაზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე - განხილვის გრაფიკის დასადგენად.

"შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. ვინაიდან მიმდინარე კვირაა სასესიო კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაში აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზეც დავაყენოთ. 

ხვალ ბიუროზე წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს, რომელიც პლენარულ სხდომაზე გავა იმისთვის, რომ განხილვის გრაფიკი დავადგინოთ და კენჭისყრის საკითხიც დავადგინოთ" - თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები