ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის ტერორისტები მსხვერპლებისგან მოპარულ საბანკო ანგარიშებს შენაძენებისთვის იყენებენ

ჰამასის წევრები ღაზის სექტორში, 2023 წლის 7 ოქტომბერს.
AFP

ისრაელში დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავდასხმის დროს მოპარული საბანკო ბარათებით და ტელეფონებით ტერორისტები შენაძენებს აკეთებენ

გარდაცვლილთა და მძევლად აყვანილთა გარდა, მსხვერპლებს შორის არიან ისინიც, ვინც სახლში შეჭრის დროს გაქურდეს, თუმცა ამ დროს სხვაგან იყვნენ ან ტერორისტებს თავი რამენაირად დააღწიეს.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ოჯახის წევრების თხოვნის შემთხვევაში ანგარიშების გაყინვის განკარგულება გასცა. ბანკი ხაზს უსვამს, რომ დაზარალებულებს ფინანსური დანაკარგი აუნაზღაურდებათ. მათი თქმით, ცდილობენ, დაზარალებულებს ახალი ციფრული ანგარიშები და ბარათები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ.

ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა ზედამხედველობის სპეციალური გუნდი შექმნა, რომელიც შესაბამის თავდაცვის უწყებებთან ითანამშრომლებს.

“საგადახდო მომსახურების შესახებ კანონის მიხედვით, როცა მტრული მხარე საგადახდო გზებს ბოროტად იყენებს, მოქალაქეთა ქონების მოსაპარად, მომხმარებელთა თანხა კომპენსირდება და გარანტიას ექვემდებარება”. – განაცხადა ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

 

კომენტარები