ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 1 300 ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 360 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა.
რეზერვისტთა ამ მასშტაბით მობილიზება ისრაელში, 1973 წლის, იომ ქიფურის ომის შემდეგ არ მომხდარა. მათი უმრავლესობა მობილიზაციის გამოცხადების დროს უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
"არ შემიძლია უმოქმედოდ ვიჯდე და მედიცინა ვისწავლო, მაშინ, როცა ვიცი, რომ ჩემი მეგობრები იბრძვიან და ჩემი ოჯახი დასაცავია" – ამბობს ნიმროდ ნედანი, 23 წლის სტუდენტი ლიტვიდან.
"ისრაელი ერთადერთი ადგილია, სადაც ახლა მინდა ვიყო. არასდროს ვაპატიებდი საკუთარ თავს იქ მიმდინარე მოვლენების შორიდან ყურებას" – ამბობს ლ.კ. 37 წლის ნიუ-იორკში მცხოვრები რეზერვისტი, რომელმაც 13 წელი იმსახურა ისრაელის სამხედრო ავიაციაში,
სამხედრო სამსახური ისრაელში სავალდებულოა ყველა 18 წლის ასაკს მიღწეული ადამიანისთვის. კაცები 32 თვიან, ხოლო ქალები 24 თვიან სავალდებულო სამხედრო წვრთნებს გადიან, რის შემდეგაც 40 წლის ასაკამდე ისრაელის აქტიურ რეზერვში ირიცხებიან. საომარ ვითარებაში რეზერვისტები რეგულარულ ჯართან ერთად იბრძვიან.
ისრაელის ავიახაზებმა საკუთარ განრიგს ფრენები და მიმართულებები დაამატა მთელი მსოფლიოდან ისრაელში რეზერვისტთა ჩასაყვანად.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.





