გროზის დაბომბვა

უკრაინა: გამოვავლინეთ პირები, რომლებმაც გროზის დაბომბვის კოორდინატები რუსებს მისცეს

სოფელ გროზის დაბომბვაში ეჭვმიტანილები ვლადიმირ მამონი, დმიტრი მამონი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ გროზის დაბომბვის კოორდინირებაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინა.

"ბოროტმოქმედები ორი ადგილობრივი მოსახლეა, 30 წლის ვლადიმირ მომონი და მისი 23 წლის ძმა დმიტრი მომონი.

რეგიონის ოკუპაციის დროს ისინი რუსების მხარეს გადავიდნენ და მიიღეს "თანამდებობები" ე.წ. ხარკოვის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში. ერთი მათგანი საბადრაგო ჯგუფის მძღოლი გახდა, ხოლო მეორე საგზაო-საპატრულო სამსახურის ინსპექტორი. 

დეოკუპაციის წინ ისინი ნათესავებთან, რუსეთში გაიქცნენ, საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობა გააგრძელეს. სოციალურ ქსელებში მეგობრული მიმოწერის ფარგლებში ისინი ძველი ნაცნობებისგან იღებდნენ ინფორმაციას და მტერს აწვდიდნენ. 

მათ შეიტყვეს უკრაინელი სამხედროს გადმოსვენების შესახებ და კოორდინატები რუსებს მიაწოდეს. მათ იცოდნენ, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი ნაცნობები, მათ შორის ისინი, ვინც ძმებს ინფორმაცია მიაწოდა". – წერს გამოცემა უკრინფორმი უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.


5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. კაფეში ადამიანები ქელეხს ესწრებოდნენ. სულ დაბომბვისას 55 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სულ სოფელ გროზაში 330 ადამიანი ცხოვრობს, სარაკეტო იერიშს ყოველი მეშვიდე მაცხოვრებელი შეეწირა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.

"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში".

ხარკოვის ოლქში 6-8 ოქტომბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 5 ოქტომბრის ხარკოვის დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა.

6 ოქტომბერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბომბვის საკითხზე რუსეთის ელჩი დაიბარა.

გაეროს სპეციალურ სხდომაზე რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ კაფეში უკრაინელი ნაციონალისტები იმყოფებოდნენ.

კომენტარები