გროზის დაბომბვა

რუსეთი გროზაზე: უკრაინელი ნაციონალისტის დაკრძალვა იყო, იქ მისი თანამზრახველები იყვნენ

სოფელ გროზას კაფეში დაღუპულთა პირადი ნივთები

9 ოქტომბერს უკრაინის ინიციატივით გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სოფელ გროზის დაბომბვის საკითხზე სხდომა მოიწვია. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებენზია. მისი თქმით დაბომბილ კაფეში უკრაინელი ნაციონალისტები იყვნენ შეკრებილები.

"ცნობილია, რომ დარტყმის მომენტში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უკრაინელი ნაციონალისტის ქელეხი მიმდინარეობდა. იქ ბევრი ნაცისტების ხელქვეითი იყო შეკრებილი. სწორედ ამიტომაც გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს წვევამდელი ასაკის კაცების გვამები.

კიევის რეჟიმს ადრეც დავუდანაშაულებივართ მაღაზიების, კაფეებისა და სასტუმროების დაბომბვაში. მერე კი გამოჩენილა ნეკროლოგები, რომლებშიც უცხოური გვარებიც  ფიგურირებს". – ამბობს ნებენზია.

ხარკოვის პროკურატურის თქმით რუსეთის მიერ დაბომბილ კაფეში გარდაცვლილი სამხედროს ქელეხი მიმდინარეობდა, რომელსაც სოფლის მშვიდობიანი მოსახლეობა ესწრებოდა. უწყების მტკიცებით ყველა დაღუპული, მშვიდობიანი მოსახლე იყო. დაბომბვას შეეწირა გარდაცვლილი მეომრის ცოლი, შვილი და რძალი.


5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. კაფეში ადამიანები ქელეხს ესწრებოდნენ. სულ დაბომბვისას 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სულ სოფელ გროზაში 330 ადამიანი ცხოვრობს, სარაკეტო იერიშს ყოველი მეშვიდე მაცხოვრებელი შეეწირა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.

"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში".

ხარკოვის ოლქში 6-8 ოქტომბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 5 ოქტომბრის ხარკოვის დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა.

6 ოქტომბერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბომბვის საკითხზე რუსეთის ელჩი დაიბარა.

კომენტარები