ბინის ფასი

სექტემბერში თბილისში 3 314 ბინა გაიყიდა, გასულ წელთან შედარებით - 21.5%-ით ნაკლები

Galt & Taggart-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში თბილისში 3 314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5% და თვიურად 6.7%-იანი კლებაა. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი ბაზაა.

"სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით პირველადი ბაზრის (დეველოპერების) ბინების გაყიდვებმა იკლო (-8.2% წლიური). ამასთან, მეორად ბაზარზე ახალი და ძველი პროექტების გაყიდვები წლიურად 29%-ით შემცირდა. როგორც წინა კვლევაში აღვნიშნეთ, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე მიუთითებს" - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

2023 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით დიდი დიღმის (+6.9%) და ჩუღურეთის (+16.1%) გარდა გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა. საინვესტიციო ბანკი წერს, რომ ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო (-32.4%).

"ფართო ცენტრსა და გარეუბნებში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა, -20.4% და -7.6%. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) მუდმივი დომინირება და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით" - წერია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ფასებს, Galt & Taggart-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა.

"მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42.0%), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში" - წერს Galt & Taggart-ი.

კომენტარები