ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის სამხედრო ფრთის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერის, აბუ ობეიდას სახლზე იერიშის მიტანის შესახებ ინფორმაცია 11 ოქტომბერს გაავრცელა.
IDF-ის არაბულენოვანი წარმომადგენლის, ავიხაი ადრაის თქმით, ჰამასის წევრი აბუ ობეიდა პირდაპირ არის ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული. ადრაი X-ზე ასევე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ინგრევა ის შენობა, რომლიდანაც, IDF-ის თქმით, აბუ ობეიდა მოქმედებდა.
ამას გარდა, 10 ოქტომბერს IDF-ის კიდევ ერთი წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის ავიაციით მიტანილი იერიშის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური კომიტეტის წევრი, ზაკარია აბუ მამარი, მოკლეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირი ღაზის სექტორში ჰამასის შიდა ორგანიზების საკითხებს განაგებდა, შესაბამისად, იგი ჰამასის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართული პირი იყო.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





