დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჯორჯია მელონი ისრაელის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად რომის სინაგოგას ეწვია

REUTERS/Yara Nardi/File Photo

დღეს, 10 ოქტომბერს იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი ისრაელის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად რომის სინაგოგას ეწვია

მთავარ რაბინთან რიკარდო დი სეგნისთან საუბრის შემდეგ, მელონიმ პირობა დადო, რომ ებრაელებს დაიცავს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ჰამასმა შეტევითო ოპერაციები იტალიის ტერიტორიაზეც წამოიწყოს. 

"მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ ჩვენ დავიცავთ ამ მოქალაქეებს ანტისემიტიზმის ყველა ფორმისგან". - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გარდა ამისა, გასულ დღეს, 9 ოქტომბერს მელონიმ ერთობლივი განცხადება აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად გამოაქვეყნა. განცხადებაში ლიდერებმა დაგმეს ისრაელზე თავდასხმები და გამოხატეს "მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა" ისრაელის მიმართ. 

ამასთან, იტალიის ხელისუფლების თქმით, უახლოეს თვეებში ისრაელიდან 500-მდე იტალიელის დაბრუნებაზე მუშაობენ.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები