ისრაელის პოლიცია ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ბრძოლა პალესტინელ ტერორისტებთან დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად. კადრები ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კიბუც ნირ ამშია გადაღებული.
როგორც ადგილობრივი პოლიცია განმარტავს, 7 ოქტომბერს ოფიცრებმა მიიღეს შეტყობინება დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც ტერორისტების მიერ უწყვეტი სროლის შედეგად კიბუცთან ახლოს იყვნენ მოქცეულები.
პოლიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ოფიცრები დაჭრილი ჯარისკაცების ძებნის დროს, შეიარაღებულ ტერორისტებს შეხვდნენ და სროლაში მოყვნენ.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





