დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჩრდილოეთ კორეა სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია, Rodong Sinmun, ისრაელში მიმდინარე მოვლენებს პირველად გამოეხმაურა და მოკლე სტატიაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.

"საერთაშორისო საზოგადოება ამტკიცებს, რომ ეს დაპირისპირება პალესტინელი ხალხის მიმართ ისრაელის მუდმივი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია, ხოლო ფუნადმენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა". – წერია გაზეთში.

პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ასევე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, ეს ერთადერთი გამოსავალია მშვიდობის დასამყარებლად.

"პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ისრაელის გვერდით იქნება, არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სანდო გზა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ უსაფრთხოების დამყარება მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით არის შესაძლებელი". – ამბობს ლავროვი. 

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები