დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის დიდ ქალაქებში მოსახლეობას ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობენ

ჰამასის თავდასხმის დროს სამხრეთ ისრაელში დაჭრილი ჯარისკაცი თელ-ავივის იჩილოვის საავადმყოფოში შეჰყავთ
Sopa Images | Lightrocket | Getty Images

ისრაელის დიდი ქალაქები ჰამასის თავდასხმის შემდეგ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად, მოსახლეობას უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობენ.

იერუსალიმის მუნიციპალიტეტი თავდასხმის შედეგად დაღუპული, მძევლად აყვანილი, ან დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრების მხარდასაჭერად სპეციალურ გუნდს აყალიბებს. სოციალური მუშაკებისგან შემდგარი ჯგუფები მოქალაქეებს ემოციურ დახმარებას გაუწევენ და დამატებითი სერვისებისთვის შესაბამის სამსახურებთან გადაამისამართებენ. მუნიციპალიტეტმა მათთვის, ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, ცხელი ხაზიც გაააქტიურა.

ამასთან, იერუსალიმი დაჭრილების მისაღებადაც ემზადება. ქალაქის დასავლეთით, შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრის მახლობლად მდებარე ბეიტარის საფეხბურთო გუნდის სავარჯიშო მოედანი ღაზას მიმდებარე ტერიტორიიდან დაშავებულების გამოსაყვანად განკუთვნილი ვერტმფრენების მისაღებად მოამზადეს, ექიმებისა და ექთნების ზედმეტი მოვალეობებისგან გასათავისუფლებლად კი ბავშვებისთვის მოხალისეობრივი საქმიანობები წამოიწყეს.

ისრაელის დედაქალაქი დაკრძალვების რიცხვის ზრდასაც ელის. დაზღვევის ეროვნული სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ქალაქი ოჯახებს დაღუპული წევრის დაკრძალვაში დაეხმარება.

სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ საშინაო ფრონტის სამმართველოსთან და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობით, იერუსალიმი წყვილებს, რომლებსაც ჰამასის თავდასხმის გამო ქორწილის ბოლო წუთს გადადება მოუხდათ, დაცულ სივრცეში დაქორწინების შესაძლებლობასაც აძლევს.

ფსიქოლოგიურ დახმარებას მოქალაქეებს სთავაზობენ თელ-ავივსა და ბეერშებაშიც.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები