დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

პალესტინის ცნობით, ისრაელის კონტრშეტევას 200-მდე პალესტინელი ემსხვერპლა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები ღაზის სექტორიდან

პალესტინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისრაელის კონტრშეტევას 200-მდე პალესტინელი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, 1610 ადამიანი დაშავდა.

სამხრეთ ისრაელში დაძაბულობა გრძელდება. ისრაელი კონტრშეტევაზეა გადასული. სოციალურ ქსელებში ისრაელის კონტრშეტევის ჩანაწერები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია 17 სამხედრო ობიექტი და 4 სამეთაურო პუნქტი. 

ამასთან, ისრაელის საზღვაო ხომალდებმა გაანადგურეს ჰამასის რამდენიმე ხომალდი, რომლებიც ზღვით სამხრეთ ისრაელში გადასვლას ცდილობდნენ. ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთან, ვრცელდება ჩანაწერები, სადაც ღაზის სექტორში განადგურებული შენობებიც ჩანს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, 1 დღეში ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის სულ მცირე 300 ტერორისტი გადავიდა, მათი თქმით, ზოგიერთი კვლავ იმალება ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში განლაგებულია 31 ბატალიონი, გზაშია 4 დივიზია და ტანკი. მათივე თქმით, ასობით პალესტინელი დაიღუპა საჰაერო ძალების თავდასხმების შედეგად, მათ შორის ბევრი ტერორისტი. ბრძოლები ისრაელში 22 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ისრაელში ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით ჯარისა და აღჭურვილობების განლაგების მიზნით, ჩვეულებრივი სარკინიგზო მოძრაობები გაჩერებულია. ისრაელის თავდაცვის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისინი ემზადებიან მრავალფონტიანი ომისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, 100 000-ზე მეტი რეზერვისტის გამოყვანისთვის.

ბოლო ინფორმაციით, მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, ისრაელში ამ დრომდე, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაიჭრა.

მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

კომენტარები