დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

5 000 რაკეტა ვისროლეთ – ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. ტერორისტები ირწმუნებიან, რომ მათ 5 000 რაკეტა ისროლეს.

ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მუჰამედ დეიფმა გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ თავდასხმა ისრაელის მიერ ალ-აკსას მეჩეთის "წაბილწვის" პასუხია. მისივე თქმით, ისრაელმა წელს ასობით პალესტინელი მოკლა და ტყვეების გაცვლაზე უარს ამბობენ.

ტერორისტების სამხედრო მეთაურმა არაბებს იერუსალიმსა და ისრაელის სხვა ქალაქებში მოუწოდა, რომ ებრაელებს დაუპირისპირდნენ. ამას გარდა, დეიფი მოუწოდებს ლიბანში, ერაყსა და სირიაში არსებულ "ისლამურ წინააღმდეგობებს", რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, გაერთიანდნენ "პალესტინელების წინააღმდეგობასთან".

ამას გარდა, ჰამასის მეთაურის მოადგილემ, სალეჰ ალ-არურიმ გაავრცელა ამავე შინაარსის განცხადება. ალ-არური, სავარაუდოდ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ არაბთა შორის არსებულ ტერორისტულ ქსელებს მეთაურობს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ომისთვის მზად არიან.

სარაკეტო თავდასხმებს მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა ამ დრომდე დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. პარალელურად ტერორისტები შესული არიან სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლს განურჩევლად ხსნიან.

კომენტარები