დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს

სარაკეტო დარტყმის შედეგი ქალაქ აშქელონში, 2023 წლის 7 ოქტომბერი.
Edi Israel/Flash90

ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები წამოიწყეს. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ქალაქ სდეროთში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც.

აშქელონში, გდეროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. ქალაქ გდეროთში დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი და პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, "მძიმე საზღაურს გადაიხდის".

კომენტარები