მოლდოვა

მოლდოვის ხელისუფლებამ პრორუსული პარტიის წინასაარჩევნო გამოკითხვაში მონაწილეობა აკრძალა

ილან შორი
Dumitru Doru (EPA-EFE)

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მოლდოვის ხელისუფლებამ პრორუსულ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.  

მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარტია შორის წევრებს, რომლებიც მხილებულ არიან ან ბრალი აქვთ წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაულებების ჩადენაში, ეკრძალებათ მიიღონ მონაწილეობა 5 ნოემბერს დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების წინასწარ გამოკითხვაში.  

საკონსტიტუციო სასამართლომ, რუსული გავლენის შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკის ფონზე, ივნისში უკანონოდ გამოაცხადა პარტია შორი, თუმცა, 3 ოქტომბერს იმავე სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც ამავე პარტიის წევრებს ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის უფლება 5 წლის ვადით აეკრძალათ. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა მას შემდეგ, რაც მას სარჩელით მიმართა შორის პარტიამ.

გეოგრაფიული მდებარეობისა და რეგიონში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, მოლდოვა ხშირად გამხდარა მოსკოვსა და დასავლეთს შორის გავლენის სფეროს განაწილების ობიექტი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რომ რუსეთი დღემდე ინარჩუნებს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში "სამშვიდობოთა მისიას". 

აშშ-მ ინვისში დაასანქცირა შორის პარტიის შვიდი წევრი, რომლებიც კავშირში იყვნენ მოსკოვის გეგმასთან, მოეწყო დესტაბილიზაცია მოლდოვაში.

თავის მხრივ, პრორუსული ოპოზიციური პარტია შორის ხელმძღვანელი ილან შორია, რომელიც ეჭვმიტანილია 1 მილიარდი დოლარის საბანკო თაღლითობასა და სხვა უკანონო სქემებში მონაწილეობაში. 2020 წლის არჩვენების შედეგად პროდასავლელი პრეზიდენტის მაია სანდუს არჩევის შემდგომ, ის ისრაელში გაიქცა. 

უცხო ქვეყანაში გაქცევის მიუხედავად, ილან შორი ორგანიზებას უწევდა ანტისახელისუფლებო პროტესტებსა და გამოსვლებს მაია სანდუსა და მისი მთავრობის  წინააღმდეგ, რომლებიც თავის მხრივ აკრიტიკებენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.

კომენტარები