პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ზურაბიშვილი: მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ზეწოლასა და შეურაცხყოფას

საქართველოდ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის წარმომადგენლებს - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს.

"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი". - წერს ზურაბიშვილი.

3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო ზეპირი მოსმენა გაიმართა. თავად ზურაბიშვილი სხდომას არ ესწრებოდა, მის ინტერესებს კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.

სხდომა ხვალ, 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება.


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.                              

კომენტარები