პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ტურავა: იმედია, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე თქვა, რომ იმედი მაქვს, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო. 

"საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები მოგავლინათ. კანონიდან გამომდინარე სასამართლო იკვლევს იმ საკითხებს, რაზეც წარდგინების ავტორები დავობენ. ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილია იმ ვიზიტების შინაარსი, რაზეც შეიძლება დღევანდელ სხდომაზე შეიძლება შეკითხვები დაისვას? შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს წარდგინების ტექსტს?

ამასთან, თქვენ წარმოადგენთ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც, ალბათ, უფრო კარგად იცნობს ვიზიტების დეტალებს, არამედ ხართ კვალიფიციური იურისტები, მაგრამ უფრო სამართლებრივი საკითხები იცით, ვიდრე დეტალები ამ ვიზიტების - თუ შეხვდით ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტს და შეგიძლიათ სასამართლოს სრულყოფილად მოახსენოთ ის, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს". - მიმართა ტურავამ ზურაბიშვილის დამცველებს.

გარდა ამისა, სხდომაზე ტურავამ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის სხდომაზე დასწრება და მისი პროცესში მონაწილეობა გადაწყვეტილებს მიღებაში სასამართლოს დაეხმარებოდა. 

"ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად. საოქმო ჩანაწერში, რომელიც გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში". - თქვა ტურავამ.

განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1-ელ სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

კომენტარები