ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე თქვა, რომ პრეზიდენტის განცხადება ვიზიტების კერძო დაფინანსების შესახებ მორიგი აღიარებაა, რომ ეს ვიზიტები არალეგიტიმური იყო.
"პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის მორიგი აღიარება - თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა". - თქვა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებში ბიუჯეტის თანხა რომ დაეხარჯა, კონსტიტუციის დარღვევის გარდა, სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა.
"მას [ზურაბიშვილს] რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას". - თქვა კობახიძემ.
პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1-ელ სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".
იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა.
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.
მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.





