ე.წ. გადატრიალების საქმე

CANVAS საქართველო სახელმწიფოს ქმედებებს ზეწოლად აფასებს

CANVAS - საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ბრალდებებს ეხმაურება და ავრცელებს განცხადებას, სადაც სუს-ის ქმედებებს ზეწოლად აფასებს. მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები CANVAS-ის ხელმძღვანელს, გიორგი მელაძეს წარსულშიც დამუქრებიან. 

"სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერვალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა CANVAS - საქართველოს დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ - ერთ ორგანიზატორად.

მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია CANVAS - საქართველო მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით". – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, სუს-მა განცხადების გავრცელების შემდეგ CANVAS - საქართველოს წევრები, სლობოდან ჯინოვიჩი, სინიშა შიკმანი და ელენა ტანჩიჩი გამოკითხვაზე დაიბარა, რის შემდეგაც მათ დატოვეს საქართველო და გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

CANVAS საქართველოს განცხადებით, სახელმწიფოს ქმედებები ზეწოლაა. ის მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ მოცემულ სიტუაციას ყურადღება მიაპყრონ.

"აღნიშნულ შემთხვევებს CANVAS - საქართველო აფასებს, როგორც ზეწოლას ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ - ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში." - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია CANVAS - საქართველოს დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

2 ოქტომბერს სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS საქართველოს წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

კომენტარები