ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენი TikTok-ის ვიდეობთან დაკავშირებით ნაპოლის აღარ უჩივლებს

იტალიური ნაპოლის ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი, რობერტო კალანდა ავრცელებს.

24 წლის ფორვარდი ნაპოლისთვის ჩივილს კლუბის TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ორი დამცინავი შინაარსის ვიდეოს გამო აპირებდა. პირველ ვიდეოში კლუბი საკუთარ ფეხბურთელს პენალტის ვერ გატანისთვის დასცინოდა, მეორე ვიდეოში კი ოსიმენს ქოქოსს ადარებდნენ.

ამის შემდეგ ფეხბურთელის აგენტმა, რობერტო კალანდამ განაცხადა, რომ დამცინავი ვიდეოები ფეხბურთელისთვის მიუღებელი იყო და მისი წარმომადგენლები სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებდნენ.

მომდევნო დღეს კი ნაპოლიმ TikTok-ის გვერდიდან ვიდეოები წაშალა და მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კლუბს ფეხბურთელისთვის ბოდიში არ მოუხდია.

კომენტარები