ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ვარჰეი: პერსპექტივის მქონე და კანდიდატი ქვეყნებისთვის გაფართოების ახალ ხედვას გაგაცნობთ

ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფოები უახლოეს მომავალში დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომის შეთავაზებას მიიღებენ. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა.

"რამდენიმე კვირაში ნახავთ, რომ წარმოგიდგენთ ახალ მიდგომებსა და პაკეტებს, რომელიც მოიცავს 10 კანდიდატ სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს ევროპული პერსპექტივით". - თქვა ვარჰეიმ.

ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რვა სახელმწიფოს - ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას აქვს. ამასთან, ორ ქვეყანას, საქართველოსა და კოსოვოს ევროპული პერსპექტივა აქვთ მინიჭებული და ისინიც პოტენციურ კანდიდატებად განიხილებიან.

ვარჰეის თქმით, ევროკავშირს სურს შექმნას შესაძლებლობა ამ ქვეყნებისთვის, რათა გაწევრიანებამდე, ეტაპობრივად მოხერხდეს ერთიან ბაზარზე ინტეგრირება. ევროკომისარი დასძენს, რომ ეს ხელსაყრელი იქნება, როგორც ამ ქვეყნებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც.

სქემის მიხედვით, ქვეყნები თანდათან მიიღებენ წვდომას ევროკავშირის 450 მილიონიან მომხმარებლთა ერთიან ბაზარზე, სადაც მათი საქონელი, მომსახურება, შრომა და კაპიტალი თავისუფლად რეალიზდება, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდეც კი.

ეს ფული დაემატება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გაწევრიანებამდე არსებულ დახმარებას, რომელიც შეადგენს 14.2 მილიონ ევროს 2021-2027 წლებისთვის.

კომენტარები