ევროკავშირის გაფართოება

ლეიენი: EU-მ გაფართოებისთვის საჭირო რადიკალური ცვლილებებისთვის მზადება ახლა უნდა დაიწყოს

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მისაღებად ევროკავშირი დაუყოვნებლივ უნდა მოემზადოს რადიკალური ცვლილებებისთვის.

"ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ მეგობარი ევროპელები უკან დავტოვოთ". - თქვა ლეიენმა ყოველწლიურ მიმართვაში და დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინისა და სხვა ქვეყნების გაწევრიანებისთვის სწრაფვას შესაბამისად უნდა პასუხობდეს.

ლეიენის განცხადება პასუხია შეშფოთებაზე, რომ მიუხედავად უკრაინის, მოლდოვისა და შვიდი სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემული, ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების ჩამონათვალისა, წევრი ქვეყნებისთვის საჭირო ცვლილებების შესახებ დეტალური შეთავაზებები არ გაკეთებულა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ბიუჯეტის გაზრდასა და იმის ხელახლა განსაზღვრას ექნება, რაში და როგორ იხარჯება ბლოკის ფული. ამას ემატება "უსაფრთხოების სანდო ვალდებულებები", რაც ომის პირობებში მყოფი უკრაინის ბლოკში გაწევრიანების სურვილის საპასუხო უნდა იყოს.

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ყველა წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს. შესაბამისად, ბლოკის გაზრდასთან ერთად საკითხებთან დაკავშირებით ერთსულოვნების მიღწევა უფრო რთული გახდება.

ამ წესების ცვლილებას შესაძლოა სხვადასხვა ხელშეკრულების გადახედვასთან ერთად, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ირლანდიაში რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდეს. ლეიენის თქმით წევრმა ქვეყნებმა ეს განხილვები მომავლისთვის აღარ უნდა გადადონ.

"ეს არის კითხვები, რომლებსაც დღეს უნდა ვუპასუხოთ, იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეს მომზადებულები დავხვდეთ". - აღნიშნა ლეიენმა და დასძინა, რომ გაფართოების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ ცვლილებებისთვის ლოდინი აღარ უნდა დასჭირდეთ.

ევროკავშირში ამჟამად 27 წევრი სახელმწიფოა. ბლოკი შესაძლებელია 36 ან 37 წევრამდე გაფართოვდეს. ლეიენის თქმით, მას სჯერა, რომ "ევროპის გუნდი 30-პლუს წევრითაც იმუშავებს".

ევროკავშირის გაფართოებისთვის მზადების აუცილებლობაზე აგვისტოს ბოლოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც საუბრობდა. მან 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.


ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს ქართულმა ოცნებამ მაისში გადასცა. 

საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა უკრაინამ და მოლდოვამაც. ამ ქვეყნებმა 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად თბილისს 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.

რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება. წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, 22 ივნისს, რეკომენდაციების შესრულების შუალედური ანგარიშის წარდგენისას ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი - 7. 

კომენტარები