ეროვნული ბანკი

თურნავა: სებ-ში არანაირი ბუნტი არაა, სიმშვიდეა, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

"გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები, არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს, სიმშვიდეა და შეგიძლოათ, მშვიდად იყოთ" - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ფორმულას კითხვას, რომელიც სებ-ში "თანამშრომლების ბუნტს" ეხებოდა. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები უკმაყოფილებას არ მალავენ და ბევრი მათგანი სებ-დან წასვლას ფიქრობს. ამასთან, სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეროვნულ ბანკში ნათია თურნავას წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, თუმცა, "ბუნტი სუს-მა ჩაახშო".

ოთარ ფარცხალაძის გამო მიღებული საგამონაკლისო წესის გამო ეროვნული ბანკიდან სამი ვიცეპრეზიდენტის და ერთი მრჩევლის წასვლის შემდეგ, სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც. ნათია თურნავას თქმით, "გუშინ დატოვა თანამდებობა, შევთანხმდით და თავისი გზა ნახა".

ამას გარდა, ეროვნულ ბანკში შეიქმნა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია. ნათია თურნავას მრჩევლის პოსტს ამ მიმართულებით მალხაზ ღუღუნიშვილი დაიკავებს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა. საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცვლილება აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ მიიღეს.

კომენტარები