ეროვნული ბანკი

ჰერჩინსკის კითხვები ჰქონდა და დეტალურად განვუმარტეთ – თურნავა EU-ს ელჩს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი შეეხო საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის  განახლების აუცილებლობას." - აცხადებს ეროვნული ბანკი.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, ევროკავშირის ელჩთან "ძალიან კარგი შეხვედრა" ჰქონდა. 

"დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება.  რასაკვირველია, ელჩს კითხვები ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო" - ამბობს თურნავა და ამატებს, რომ შეხვედრაზე "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას შეეხო". მისი თქმით, "აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა. საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცვლილება აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ მიიღეს.

მეორე დღეს, 20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც.

ამას გარდა, ეროვნულ ბანკში შეიქმნა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია. ნათია თურნავას მრჩევლის პოსტს ამ მიმართულებით მალხაზ ღუღუნიშვილი დაიკავებს

კომენტარები