დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მიერ განთავსებული ბარიერის მოხსნას აპირებს

ჩინეთის სანაპირო დაცვის ნავები მოტივტივე ბარიერთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში. ფოტო გადაღებულია 2023 წლის 20 სექტემბერს ფილიპინების სანაპირო დაცვის მიერ. გავრცელდა 2023 წლის 24 სექტემბერს.
Philippine Coast Guard/Handout via REUTERS/File Photo

ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ედუარდო ანიოს თქმით, ქვეყანა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში ჩინეთის მიერ განთავსებული მოტივტივე ბარიერების მოსახსნელად "ყველა შესაბამის ზომას მიიღებს".

ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის მოტივტივე ბარიერის განთავსების ამსახველი, 20 სექტემბერს გადაღებული ფოტოები ფილიპინების სანაპირო დაცვამ გუშინ, 24 სექტემბერს გაავრცელა.

"ვგმობთ ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ მოტივტივე ბარიერების დაყენებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბარიერის განთავსება ჩვენი მეთევზეების ტრადიციულ სათევზაო უფლებებს არღვევს". - თქვა ანიომ.

კომენტარი გააკეთეს ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბარიერის განთავსებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს.

"[ფილიპინები] მიიღებს ყველა შესაბამის ზომას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ჩვენი მეთევზეების საარსებო წყაროს დასაცავად". - თქვა სამინისტრომ.

მანილაში ჩინეთის საელჩოს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

კომენტარები