საბერძნეთი

საბერძნეთში შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილებების საწინააღმდეგო აქცია იმართება

REUTERS/Louisa Gouliamaki

21 სექტემბერს საბერძნეთის საჯარო სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანი პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობის მიერ შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილებების გაპროტესტების მიზნით გაიფიცა. ისინი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. 

საბერძნეთის უმსხვილესი საჯარო სექტორის გაერთიანება ADEDY-მ ერთდღიანი ნაციონალური გაფიცვა გამოაცხადა. დღეს, 21 სექტემბერს, გაფიცვის ფარგლებში საჯარო სექტორი მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხალხს შემცირებული გრაფიკით ემსახურება, სახელმწიფო საავადმყოფოებში მომუშავეთა სიმცირეა, ხოლო ბევრი სკოლა დაიხურა. ჩამოთვლილ დაწესებულებებში დასაქმებულებმა პროტესტის გამოხატვის მიზნით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

"ჩვენ მოვითხოვთ კანონპროექტის გატანას". - თავის ვებგვერდზე წერს ADEDY, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონ დასაქმებულ ადამიანს წარმოადგენს.

კანონპროექტი სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს დამატებით მეორე სამუშაო ადგილას ნახევარ განაკვეთზე, ანუ ჯამურად 13 საათის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. 

კანონპროექტი ასევე, საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, ჰქონდეთ ექვსდღიანი სამუშაო კვირა.

ამასთან, კანონპროექტი დამსაქმებელთა მხრიდან ექვს თვემდე გამოსაცდელი ვადის გატარების უფლებას იძლევა, მაგრამ ასევე ავალდებულებს მათ, დეტალურად გაწერონ და წარადგინონ სამუშაო პირობები.  დამსაქმებლებს, ასევე, დასაქმებულის პირველივე სამუშაო წლის განმავლობაში, ყოველგვარი გაფრთხილებისა და ანაზღაურების გარეშე გათავისუფლება შეეძლებათ.

მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტს ოპოზიცია და პროფკავშირები მშრომელთა უფლებებზე აქცენტით ეწინააღმდეგებიან. მიცოტაკისის მთავრობა ივნისში მეორე ვადით არჩიეს - მათ 300-ადგილიან პარლამენტში 158 ადგილი აქვთ.

კომენტარები